სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 91^1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების, ყადაღის მოხსნის ან ამ პირის პირადი მონაცემების ცვლილების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიმართვის აღსრულება
1. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადება და ამ პირის რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) შესაბამისი მიმართვის საფუძველზე.
2. ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადებას და ამ პირის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე სამთავრობო კომისიის მიმართვაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.
