Article 28^1. მზღვეველის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან შეძენა
1. მზღვეველმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე; ბ) მზღვეველის მმართველი ორგანოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.
2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არ არის ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები: ა) მზღვეველის მმართველმა ორგანომ უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ მზღვეველი უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მზღვეველისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად; ბ) მზღვეველი უზრუნველყოფს სამსახურისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5231 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.
