1.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარიერის დამუშავებაზე და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს დადებითი დასკვნის საფუძველზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს დასკვნის საფუძველია შესაბამისი ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს მიწის სამუშაოების განხორციელებით დაინტერესებული პირი.
3.მიწის სამუშაოების განხორციელებით დაინტერესებული პირი ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს დოკუმენტაცია ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის შესახებ. კვლევა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ა) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა – სამუზეუმო და საარქივო (ისტორიული რუკები და გენერალური გეგმები, ისტორიული საკადასტრო და ნაგებობების გეგმები) მასალების მოძიება და ანალიზი, ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული კვლევა შესაბამისი წყაროების მითითებით, არქივებში დაცული საკვლევი ტერიტორიის ფოტომასალის, კოსმოსური და აეროფოტომასალების მოძიება, დეშიფრირება, მათი არსებული მდგომარეობის ფოტოფიქსაციის მასალების და მათი საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი; ბ) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერალური სამუშაოები: დაზვერვითი შურფების განლაგების სქემა და გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:25, 1:20), სტრატიგრაფიის ჩვენებით.
4.საკვლევ ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში არქეოლოგიური კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს: ა) საკვლევ ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების სრულ საველე შესწავლას თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით, გასათხრელი ფართობის აგეგმვას, არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემას და ცალკეული ობიექტების ანაზომებს, გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიულ ჭრილებს, საველე არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიშს, გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების რაობის განსაზღვრას და დათარიღებას, მათ ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას, კვლევის შედეგად მიღებული მასალის ანალიტიკურ დამუშავებას და დასკვნების ჩამოყალიბებას, ტექსტური ნაწილის შედგენას, სათანადო ილუსტრაციების მომზადებას; ბ) არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის საკითხისა და საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის გეგმარებითი გადაწყვეტის შესახებ. თავი V. კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა

