1.მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პიროვნების შესახებ; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ამ კანონის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება; ოქმის გასაჩივრების წესი და ვადა; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4.პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, ჯარიმის გადახდის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში, შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას.
5.ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6.ამ კანონის მე-12 მუხლის 5 1 პუნქტით განსაზღვრულ გაფრთხილების შესახებ ოქმში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მსჯავრდებულის პირადი მონაცემები; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ადგილი, დრო, არსი და რიგითობა; გაფრთხილების სამართლებრივი საფუძველი, ამ კანონის შესაბამისი მუხლების მითითებით; მოსალოდნელი შედეგები; გაფრთხილების გასაჩივრების წესი და ვადა; დადგენილი რეჟიმის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით არსებული სხვა ინფორმაცია. გაფრთხილება მოწმდება პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ბეჭდით და ხელმოწერით. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №225- სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.141 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2997 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.161 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

