1.გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითთათვის საფრთხის შემქმნელი მოქმედება.
2.ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს უნდა გაჩერდეს წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები; ბ) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.
