Article 7. ზომამცირე გემის მფლობელისა და იმ პირის ვალდებულებები, რომელიც მართავს ზომამცირე გემს
ზომამცირე გემის მფლობელი ან პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს, ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები, მგზავრთა უსაფრთხოება, ზღვის გარემო, უზრუნველყოს ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია; ბ) გამოყენებამდე შეამოწმოს ზომამცირე გემის ტექნიკური გამართულობა, მათ შორის, სამაშველო აღჭურვილობა; გ) გააცნოს მგზავრებს ზომამცირე გემზე ასვლის, ყოფნის და გადმოსვლის წესები, აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობის მოთხოვნები; დ) განახორციელოს ზომამცირე გემის ნაოსნობა (მართვა) მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს დასაშვებია შესაბამისი კატეგორიის ზომამცირე გემისათვის; ე) გაუწიოს დახმარება ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ შველას წყალზე. უბედური შემთხვევების, გარემოს დაბინძურებისა და ავარიული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს; ვ) შეასრულოს ბაზირების პუნქტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები; ზ) ზომამცირე გემების საწვავით გამართვისას დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები; თ) დაიცვას ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
