ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 30^2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს.
