ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 40. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.
5. თავისუფალი მანდატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე.
