ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
Article 22^1. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია პირის მიმართ გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, თუ არსებობს შემდეგი ორი საფუძველი: ა) ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 22 1 მუხლის პირველი პუნქტი. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2026 წლის პირველი ნოემბრიდან) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/1794 – ვებგვერდი, 04.05.2026წ.
2. იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოტანილი განჩინების საფუძველზე. პირი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელშიც უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვა და დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
