Article 254. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები 3 კალენდარული თვის ვადაში შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ამ კოდექსით განსაზღვრულ სანებართვო მოთხოვნებთან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
3. ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედების დღიდან დეკლარირებულ საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე.
4. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ საბაჟო რეჟიმებზე ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსი (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.
86) და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
5. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება ამ კოდექსის მე-7 მუხლის 30-ე ნაწილის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო რეჟიმები და საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში და თავისუფალ საწყობში.
6. აკრძალულია აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და გადაადგილება (მათ შორის, ტრანზიტი დანიშნულების ქვეყნის აქციზური მარკის გარეშე. თუ დანიშნულების ქვეყანას არ გააჩნია აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების მოთხოვნა, მაშინ საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის გაცილებას საბაჟო გამშვებ პუნქტამდე), გარდა უბაჟო ვაჭრობის პუნქტისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა, უცხო ქვეყნის უბაჟო ვაჭრობის ზონაში რეალიზებისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის ნებადართულ ქვეყნებში ექსპორტისა.
