Article 7. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება.
2. საბაჟო დეკლარირება – მოქმედება, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას.
3. საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას.
4. პირი, რეზიდენტი, არარეზიდენტი, საწარმო, ორგანიზაცია, მეწარმე ფიზიკური პირი, საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, საბიუჯეტო ორგანიზაცია, ურთიერთდამოკიდებული პირები, ნათესავი, დაქირავებული პირი, პირის ოჯახი, კომპენსაცია – თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
5. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები – საქონლის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის მარეგულირებელი აქტების საფუძველზე მოქმედი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებები.
6. სატარიფო ღონისძიებები – განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადით.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…
For information only — not legal advice.
7. არასატარიფო ღონისძიებები – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ან დაცვითი ღონისძიებები, საქონლის საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე დაწესებული აკრძალვები ან/და შეზღუდვები.
8. საბაჟო გადასახდელებია: ა) იმპორტის გადასახდელი – საბაჟო მოსაკრებელი, საბაჟო გადასახადი, აქციზი ან/და დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით; ბ) ექსპორტის გადასახდელი – საბაჟო მოსაკრებელი ან/და გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით.
9. საქონელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.
10. იდენტური საქონელი – საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.
11. მსგავსი საქონელი – საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.
12. იმავე კლასის ან ტიპის საქონელი – საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით ერთგვაროვანია შესაფასებელ საქონელთან მიმართებით. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს იმპორტირებული საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს შესაფასებელი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. ამასთანავე, იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც შესაფასებელი საქონლის ქვეყნიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.
13. საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქონლის შემდგომი გადაზიდვის ან/და სხვა მოქმედების შესრულების მიზნით საქონელს ინახავს საწყობში ან სხვაგვარადაა პასუხისმგებელი საქონლის შენახვისათვის, აგრეთვე პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს ვერ დაუმტკიცებს, რომ მის სატრანსპორტო საშუალებაში, შენობა-ნაგებობაში ან სხვა ტერიტორიაზე მოთავსებული საქონელი მასთან მოხვდა მისი ნების საწინააღმდეგოდ.
14. საქონლის მესაკუთრე – პირი, რომელსაც საქონელზე აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული საკუთრების უფლება.
15. მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, მიუხედავად საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისა.
16. პირადი ნივთები – მგზავრობის დროს მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები, რომლებიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით.
17. ხელბარგი – მგზავრების მიერ პირადად გადასატანი საგნები.
19. სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის.
20. საბაჟო მარშრუტი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებისათვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მარშრუტი.
21. საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა – საბაჟო ორგანოში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება.
22. საქონლის გაშვება – მოქმედება, რომლითაც საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს დეკლარანტის მიერ საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის შესაძლებლობას მის მიმართ გამოყენებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესაბამისად.
23. ლიცენზია, სალიცენზიო მოწმობა, ლიცენზიის მაძიებელი, ლიცენზიის გამცემი, ლიცენზიის მფლობელი, სალიცენზიო მოსაკრებელი, სალიცენზიო პირობები, ნებართვა, სანებართვო მოწმობა, ნებართვის მაძიებელი, ნებართვის გამცემი, ნებართვის მფლობელი, სანებართვო მოსაკრებელი, სანებართვო პირობები – თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
24. საბაჟო ორგანო – შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანო (რეგიონული ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეული. 24 1 . (ამოღებულია).
25. საბაჟო გადაწყვეტილება – საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედება ან დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ან გასცემს საბაჟო ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
26. საბაჟო პროცედურები – საბაჟო ორგანოში საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა და დათვალიერება; სათანადო დოკუმენტების არსებობის ან/და მათი უტყუარობის დადგენა; ზოგადი დეკლარირება; საბაჟო დეკლარირება; დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაცია; დეკლარირებული მონაცემების შემოწმება; დეკლარირებულ მონაცემებთან დაკავშირებული საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება; საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება; საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესრულების შემოწმება; საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება; საბაჟო გადასახდელების გადახდა; მგზავრის პირადი ნივთების შემოწმება; აგრეთვე საბაჟო ორგანოების ან მათი უფლებამოსილი პირების ოფიციალური მოთხოვნა ან/და ქმედება, რომლის მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულება.
27. საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების, აკრძალვების, მოთხოვნების ან სხვა პირობების დაცვა.
28. საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელება.
29. საბაჟო დამუშავების ოპერაცია – საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენება, საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ ან საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში.
30. საბაჟო რეჟიმები: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი); ბ) საქონლის ტრანზიტი; გ) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა; დ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება; ე) საქონლის დროებითი შემოტანა; ვ) საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება; ზ) საქონლის ექსპორტი.
31. ვალდებული პირი – პირი, რომელსაც ეკისრება საბაჟო ვალდებულების შესრულება.
32. საბაჟო ვალდებულება – პირის ვალდებულება, გადაიხადოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გადასახდელები, ჯარიმები ან/და საურავები.
33. საბაჟო დავალიანება – სხვაობა დეკლარანტის ჯამურ საბაჟო ვალდებულებასა და მის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ცალკეული საბაჟო ვალდებულების მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამს შორის.
34. საქონლის გადამუშავების ოპერაციები: ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება; ბ) საქონლის წარმოება; გ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საქონლის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
35. გადაუმუშავებელი საქონელი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ რეჟიმში.
36. გადამუშავების პროდუქტი – საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტი.
37. გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად.
38. ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად.
39. მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი: ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან; ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში; გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები; დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები; ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია; ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, რომელიც მოპოვებულია ამ ქვეყნის გემის საშუალებით; ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან; თ) პროდუქცია, რომელიც მიღებულია ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები; ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის; კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია ამ ქვეყანაში, ამ ნაწილის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პროდუქციისაგან. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 თავი II საბაჟო პროცედურების განმახორციელებელ პირთა უფლებები და მოვალეობები