„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
Article 23. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება
1. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) განცხადება ან/და თანდართული უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით; გ) დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს უფლების დამადასტურებელი თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, რომელიც აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულად ითვლება შესაბამისი ორგანოს კანონიერ ძალაში შესულ აქტში მითითებული ვადით.
