ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Article 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება
1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა; ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა; დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება; ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის; ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება; თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა; კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება; დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი; მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესების, რეგულირებადი ტარიფების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა; ნ 1 ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცება; ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება; რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება; უ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება; ქ ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის , თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზაციო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა ; ღ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა; ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება; ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა; ც 1 ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ; ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
