1.მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2.უზრუნველყოფილია მოსამსახურის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა. მოსამსახურის ოჯახის წევრების (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები) სახელმწიფო დაზღვევის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
3.კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოხელეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო).
4.ზიანი, რომელიც მიადგა მოსამსახურეს ან/და მისი ოჯახის წევრს მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამსახურეს ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
6.მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდებით.
7.მოსამსახურისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
8.სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს შეიძლება საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობი.
9.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის, აგრეთვე ნეშტის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
10.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
11.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11 1 . მოსამსახურეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
12.სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შეიძლება მიეცეს დამატებითი მატერიალური და ფულადი დახმარება.
13.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურეს დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 10 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 5 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.
14.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება შეუძლებელს ხდის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის სამსახურში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.
15.თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს მოსამსახურის დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
16.მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VIII სამსახურის დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა

