1.მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისთვის მიეცემა შრომის ანაზღაურება, მათ შორის: ა) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო; ბ) დადგენილი წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო დაწესებულებაში/სახელმწიფო დაწესებულებაში (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა) სამსახური); გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგო.
2.მოსამსახურეს, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. მოსამსახურის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, მოსამსახურის სურვილის შესაბამისად, მისთვის სახელფასო დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.
3.მოსამსახურეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
4.მოსამსახურეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
5.მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. სააგენტოს ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.
6.მოსამსახურის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
7.მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
8.მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
9.მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
10.მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა.
11.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
12.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.
13.მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სამსახურებრივ ავტომანქანას (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას) ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.






