ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
Article 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით), ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვით მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარი ფორმით განკარგვა, და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე; ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
