1.ნებართვის მისაღები განაცხადი „ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას განმცხადებლის და ნაგავსაყრელის ოპერატორის შესახებ, თუ ისინი სხვადასხვა პირები არიან; ბ) ნაგავსაყრელის კატეგორიას, განსათავსებელი ნარჩენების კოდებს ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად და საერთო რაოდენობას; გ) ნარჩენების განთავსების ადგილზე განსათავსებელი ნარჩენების საპროექტო მოცულობას, ასევე ნაგავსაყრელის უჯრედების საპროექტო მოცულობას; დ) ნაგავსაყრელის მოწყობის ადგილის აღწერას, მათ შორის ადგილმდებარეობა, GIS კოორდინატები, ტოპოგრაფიული, ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური მახასიათებლები (წარმოდგენილი შესაბამისი კვლევების შედეგებით); ე) დაბინძურების პრევენციისა და შემცირების მეთოდებს; ვ) ოპერირების, მონიტორინგის და კონტროლის გეგმას; ზ) ნაგავსაყრელის დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმას; თ) ნაგავსაყრელის მოწყობის საპროექტო გეგმებს, ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის აღწერას, სექციებისა და უჯრედების მოწყობისა და ოპერირებისას მათი გამოყენების სავარაუდო თანმიმდევრობას და ნუმერაციას; ი) ნარჩენების მიღებისა და შემოწმების პროცედურებს; კ) ნაგავსაყრელის მოწყობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული საქმიანობების დეტალურ აღწერას.
2.სამინისტრო გასცემს ნებართვას, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: ა) პროექტი აკმაყოფილებს ნარჩენების მართვის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და შეესაბამება ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას; ბ) გათვალისწინებულია პერსონალის სისტემატური შესაბამისი პროფესიული და ტექნიკური სწავლება; გ) ნაგავსაყრელის ოპერირების ფაზაში მიღებულია ყველა აუცილებელი ზომა უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და მათი შედეგების შესამცირებლად.
3.კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია სტატისტიკის მიზნებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოებისთვის მოთხოვნის შემთხვევაში. თავი I I . ნაგავსაყრელის დაპროექტებასა და მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
