ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Article 49. ლიცენზია, ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. კომისია გასცემს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს აუქციონის ან კონკურსის წესით, ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად.
3. ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. 3 1 . ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით.
4. ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.
