საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 351^4. განცხადების განხილვის წესი
1. განცხადებას დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის შესახებ სასამართლო განიხილავს მხარეთა დასწრებით, თუმცა ერთ-ერთი ან ორივე მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საქმის განხილვას. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვევს პირებს, რომლებსაც შეუძლიათ სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია საქმის წარმოების აღდგენის შესახებ. სასამართლოს უფლება აქვს ასევე გამოითხოვოს ინფორმაცია სათანადო ორგანოებისაგან.
2. საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სასამართლო პროცესის დარჩენილი მასალებით, ასევე მხარეთა მოთხოვნებით ან სხვა პირთა დოკუმენტებით, რომლებიც მათ გადაეცათ სასამართლო პროცესის მასალების დაკარგვამდე, აგრეთვე იმ დოკუმენტებისა და მასალების დამოწმებული ასლებით, რომლებიც საქმეს შეეხება. საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სასამართლოს განსახილველად წარუდგინონ მათ მიერ მომზადებული იმ გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც უნდა განახლდეს.
3. სასამართლოს უფლება აქვს მოწმეებად დაკითხოს პირები, რომლებიც ესწრებოდნენ საპროცესო მოქმედებების შესრულებას, და, საჭიროების შემთხვევაში, ის პირებიც, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას, როცა იხილებოდა ის საქმე, რომლის მასალებიც დაიკარგა. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
