საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 430. განცხადების განხილვა
1. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
2. თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.
3. თუ გაირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება საფუძვლიანია, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სასამართლო გააუქმებს განჩინებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის პირველი ივნისიდან 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება №2/8/1455 - ვებგვერდი, 31.12.2024წ.
