საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 81. სამოქალაქო საპროცესო ქმედუნარიანობა
1. ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).
2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
3. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. 3 1 . თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, სასამართლო ვალდებულია ასეთი საქმე განიხილოს მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით.
4. თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და ა. შ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც.
