საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1508^2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან და მათ მეურვეებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.
2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალურ შეფასებამდე ამ პირის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.
3. თუ მოთხოვნა მომდინარეობს 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.
4. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს სხვა პირს, მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. თუ პირს ეკისრება ზიანის მიმყენებელი ქმედუუნარო პირის მეთვალყურეობა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
