Article 112^1
1. დასაშვებია, უპატრონო გვამი ან/და ამოუცნობი გვამი ან მისი ანატომიური სტრუქტურები სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოიყენონ იმ საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო დაწესებულებებმა, რომლებიც ახორციელებენ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებს, აგრეთვე სამედიცინო და საექსპერტო დაწესებულებებმა, თუ პირის სიკვდილის ფაქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტურა სამედიცინო დაწესებულების მკურნალმა ექიმმა, პათოლოგანატომმა (კლინიკურმა პათოლოგმა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ან სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა და ამ ფაქტის დადგენიდან 1 თვის განმავლობაში გვამი მიჩნეულ იქნა უპატრონო გვამად ან ამოუცნობ გვამად ამ კანონის შესაბამისად.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს სიცოცხლეში არ განუცხადებია თანხმობა ან უარი გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ან მისი სხეულის ანატომიური სტრუქტურების ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით გადაცემაზე და არ არსებობს საფუძველი იმის დასაშვებად, რომ მისი/მათი გადაცემა ეწინააღმდეგება აღნიშნული პირის რელიგიურ რწმენას, ეთიკურ პრინციპებს, შესაძლებელია ის/ისინი სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს გადაეცეს.
3. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა შესაძლებელია პირის სიკვდილის ფაქტის დადგენიდან 1 თვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. უპატრონო გვამის ან/და ამოუცნობი გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის გადაცემა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უპატრონო გვამის ან ამოუცნობი გვამის გადამცემი და მიმღები მხარეები. აღნიშნული ოქმი და შესაბამისი დოკუმენტაცია ინახება 5 წლის განმავლობაში.
