საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 344. ჩვენების ადგილზე შემოწმების საფუძველი და მიზანი
1. გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვს მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ჩვენება შეამოწმოს შემთხვევის ადგილზე.
2. ჩვენების ადგილზე შემოწმება ტარდება იმ მიზნით, რომ: ა) აღმოაჩინონ საგანი, დოკუმენტი, კვალი, რომლის ადგილსამყოფელიც ცნობილია პირისათვის, რომლის ჩვენებაც მოწმდება; ბ) დააზუსტონ ადგილი, სადაც გამოძიებისას აღმოჩენილი იყო საგანი, დოკუმენტი, გვამი, კვალი; გ) გამოავლინონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ადგილი ან მარშრუტი, ერთი და იმავე გარემოების შესახებ რამდენიმე პირის ჩვენების დამთხვევა ან განსხვავება; დ) შეამოწმონ ჩვენების უტყუარობა მისი აღდგენისა და შემთხვევის ვითარებასთან შეჯერების გზით.
3. პირი, რომლის ჩვენებაც მოწმდება, შემთხვევის ადგილზე იძლევა განმარტებას, რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ჩვენების დაზუსტება.
4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების შედეგებს მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მაშინ, თუ გარკვეული შემთხვევის, საგნისა და ფაქტის შესახებ ამ პირის ინფორმირებულობა შეიძლება აიხსნას დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობით.
