საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 616. სასამართლო, რომელიც წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს
1. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა.
2. თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ხდება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტან სასამართლოს.
3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.
