1.ამ კარში განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ზოგადი დებულებანი გამოიყენება ყველა გადასახადისა და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო, ხოლო საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საბაჟო ორგანო.
3.სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლი. აუცილებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, რისთვისაც საგადასახადო ორგანო მოსამართლის ბრძანებით მოიპოვებს საგადასახადო კონტროლის უფლებას. სასამართლოში საგადასახადო კონტროლის შესახებ შუამდგომლობას აღძრავს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების შესახებ. მოსამართლე საკითხს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე.
4.საგადასახადო კონტროლი მოიცავს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს (გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელისაგან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნას, ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს), გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვებას (ქრონომეტრაჟს, საკონტროლო შესყიდვას, ინვენტარიზაციას, დათვალიერებას) და საგადასახადო შემოწმებას (კამერალურსა და გასვლითს). თუ საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახადები განისაზღვრება საბაჟო პროცედურების მიხედვით, საგადასახადო კონტროლი ხორციელდება აგრეთვე საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.
