Article 27. საბაჟო კონტროლი და რისკის მართვა
1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება; ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება; თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
2. საბაჟო კონტროლი, გარდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისა, ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე რისკის გამოვლენის, შეფასების და პრევენციული ზომების მიღების მიზნით მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების საშუალების გამოყენებას.
3. საბაჟო ორგანო რისკის მართვის ფარგლებში ადგენს საბაჟო კონტროლისადმი ან საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული რისკის განსხვავებულ დონეებს, აგრეთვე იმას, ექვემდებარება თუ არა საქონელი სპეციალურ საბაჟო კონტროლს, და, თუ საქონელი აღნიშნულ კონტროლს ექვემდებარება, განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის განხორციელების ადგილს.
4. რისკი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ საქონელთან დაკავშირებული შემთხვევის დადგომის ალბათობა, რომელიც: ა) ხელს უშლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების სათანადო გამოყენებას; ბ) ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესს; გ) საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს, გარემოს ან მომხმარებელს.
5. რისკის მართვა არის რისკის ზემოქმედების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით რისკის სისტემატური იდენტიფიცირება, მათ შორის, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებით. რისკის მართვა მოიცავს მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებას, რისკის ანალიზსა და შეფასებას, მისაღები ზომების განსაზღვრას და მათ მიღებას, ამ პროცესებსა და მათ შედეგებზე რეგულარულ დაკვირვებას და მათ გადახედვას.
6. თუ საქონელი, საბაჟო კონტროლის გარდა, ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახის კონტროლს, რომელსაც საბაჟო ორგანოს გარდა, სხვა კომპეტენტური ორგანოც ახორციელებს, საბაჟო ორგანო ამ კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში (თუ შესაძლებელია, საბაჟო კონტროლთან ერთად (ერთი სარკმლის პრინციპით)) ახორციელებს ამ სახის კონტროლს. 6 1 . ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საბაჟო ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის/კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან/და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით. 6 2 . ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
