Article 11. კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი
1. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად: ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი; ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან წილს, რომლის საქმიანობაც კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება; ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
3. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
4. კომისიის აპარატის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
