1.თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში შესაბამისი რეზოლუციით ნიშნავს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის პლენუმზე განხილვის თარიღს, ხოლო თუ საქმე მიღებულია არსებითად განსახილველად – არსებითი განხილვის თარიღს. რეზოლუციაში ცალკე პუნქტად მიეთითება მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა. თუ საქმის პლენუმისათვის გადაცემა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 2 კვირის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
