Article 7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნი
1. წიაღის უბანი სარგებლობისათვის გადაეცემა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის სახით.
2. სამთო მინაკუთვნი არის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნი ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად მასთან ერთად გაიცემა.
3. გეოლოგიური მინაკუთვნი წარმოადგენს მხოლოდ შესწავლისათვის გადაცემულ წიაღის უბანს.
4. წიაღის უბანი გაიცემა სამთო მინაკუთვნის სახით, თუ ლიცენზია ანიჭებს მის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების , მიწისქვეშა ბუნებრივი სიცარიელეების გამოყენების და ისეთ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის უფლებას, რომლებიც არ არის დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავებასთან , აგრეთვე წიაღის იმ ობიექტების შექმნის უფლებას, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას. წიაღის უბანი სამთო მინაკუთვნის სახით გაიცემა აგრეთვე საბადოს დასამუშავებლად წიაღის ერთდროული შესწავლით.
5. აკრძალულია წიაღით სარგებლობა სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლების გარეთ.
6. სამთო მინაკუთვნის საზღვრების დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მარტო უბნის სიდიდე (სიგრძე, სიგანე, სიღრმე), არამედ სამუშაოს ტექნოლოგიური გავლენის ზონები, რაც დაკავშირებულია წიაღის გამოყენებასთან (მისასვლელი და საექსპლუატაციო სამთო გვირაბები, დამცავი მთელანები და სხვა. სამთო მინაკუთვნს უნდა ჰქონდეს შეზღუდვა სიღრმეში). თუ წიაღის უბანი გადაცემულია მიწისქვეშა წყლების საბადოს დასამუშავებლად, სამთო მინაკუთვნის საზღვრები წიაღში მოიცავს წყალშემცველ ჰორიზონტს და მიწის ზედაპირზე წარმოადგენს სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონას. ამ შემთხვევაში მიწის ზედაპირზე სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის საზღვრები უნდა გადიოდეს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსავლებიდან არანაკლებ 15 მეტრში. სამთო და მიწის მინაკუთვნების ზუსტი საზღვრების დადგენა ხორციელდება ლიცენზირების პროცესში, კონკრეტული სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.
7. სამთო და გეოლოგიური მინაკუთვნების საზღვრებს ადგენს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №447 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.132 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
წიაღის შესახებ
