Article 50
1. ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთხვევებში, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იქნა მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია (გამოცემულია) ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.
2. არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.
3. იმ ნორმატიული აქტის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი ნორმატიული აქტი, არ ნიშნავს ძველი ნორმატიული აქტის ამოქმედებას.
4. ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი.
5. იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად.
6. საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ყველა კანონქვემდებარე აქტი ან მისი ნაწილი. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
