1.სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების მიზნებისათვის; ბ) სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის; გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის; დ) სამრეწველო და ჰიდროენერგეტიკული მიზნებისათვის; ე) წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების მიზნებისათვის; ვ) თევზის მეურნეობის მიზნებისათვის.
2.მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს გაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან საიმედოდ დაცული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომელთა ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს; ბ) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის წყლის ობიექტი უნდა შეირჩეს მისი საიმედოობისა და სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზების რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით; გ) სასმელად ვარგისი მიწისქვეშა წყლების საწარმოო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ტექნოლოგია, არსებული სანიტარიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, მოითხოვს სასმელი ხარისხის წყალს; დ) სახელმწიფო წყალსადენიდან სასმელი წყლის საწარმოო დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს მოსახლეობის სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებას.
3.სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) სამკურნალო კატეგორიისათვის დადგენილი წესით მიკუთვნებული წყლის ობიექტი გამოიყენება სამკურნალოდ, საკურორტო მიზნით და წყლის (სამკურნალო ბუნებრივი მინერალური წყლის) სასაქონლო პროდუქციის წარმოებისათვის; ბ) სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება „სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ ობიექტებით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით; გ) დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტით სარგებლობა ფიზიკური პირებისათვის დაიშვება საერთო სარგებლობის ფორმით; დ) (ამოღებულია – 15.07.2020, №6902); ე) მცირე ზომის ხომალდით (ნიჩბიანი ნავი, იალქნიანი იახტა და სხვა) სანაოსნოდ წყლის ობიექტით სარგებლობა დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით, მცირე მოცულობის ხომალდებით სარგებლობის დამტკიცებული წესების დაცვით.
