Article 68. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნები
1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება შემდეგი მიზნით: ა) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განსახორციელებლად; ნავთობისა და გაზის რესურსებით ან/და ბუნებრივ რეზერვუარში მოწყობილი გაზის საცავით სარგებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, ჰიდროკვანძების, ელექტროსადგურების, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, ელექტრონული ქსელებისა და არხების მშენებლობისთვის/დემონტაჟისთვის/ფუნქციონირებისთვის ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზანი არ მოიცავს ტყითსარგებლობას დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყაროს) მოსაწყობად; ბ) წიაღის შესასწავლად ან/და მოსაპოვებლად; გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისთვის (რეაბილიტაციისთვის) და მათი მოვლის ღონისძიებების განხორციელებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, არქეოლოგიური დაზვერვის განსახორციელებლად; დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა გამოწვეულია სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებით, რომელსაც ახლავს ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების განადგურება ან იმგვარი დაზიანება, რომელმაც მისი ფუნქციონირების შეზღუდვა/შეწყვეტა გამოიწვია; ე) ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხე-მცენარეების მოჭრის მიზნით ან სტიქიური უბედურების ან გეოლოგიური პროცესების (ქვათაცვენა, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) თავიდან აცილების მიზნით პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურული ელემენტების მშენებლობისთვის/ფუნქციონირებისთვის (მათ შორის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისა და დემონტაჟისთვის) ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების განსახორციელებლად.
