Article 18^1
1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
2. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული ხარვეზის ამ კანონის მე-14 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ 1-თვიან ვადაში აღმოუფხვრელობა.
3. ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირებს მიეკუთვნებიან აგრეთვე გენერალური აუდიტორის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული თანამდებობის პირები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირთა რაოდენობა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირები ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში შეირჩევიან.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. დამოუკიდებელ კომისიაში საჯარო მოსამსახურეები არ შედიან.
7. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს პროაქტიულად ქვეყნდება.
