1.იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა, რომელიც ფიზიკური პირის ან საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საავადმყოფოსთვის, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებისთვის ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებისთვის არის შემოწირული. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ის ხელსაწყო ან აპარატურა, რომელიც შეძენილია საავადმყოფოს, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულების მიერ, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შემოწირული თანხით ან ნებაყოფლობითი შენატანებით, თუ შესრულდა ყველა შემდეგი პირობა: ა) ხელსაწყოს ან აპარატურის შემოწირვა შემომწირველისთვის სამეწარმეო მიზნის შემცველი არ არის; ბ) შემომწირველს არ აქვს კავშირი იმ ხელსაწყოს ან აპარატურის მწარმოებელთან, რომელზედაც შეღავათი უნდა გავრცელდეს.
2.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე: ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, თუ ის შემოიტანება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოს ან/და აპარატურის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი.
3.ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-7−მე-12 ნაწილები შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული ხელსაწყოს ან/და აპარატურის და შემოწირულების მიმღების მიმართ.
