1.ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება იმ საქონლის შემოტანა, რომელიც ექვემდებარება გამოცდას, ანალიზს ან ტესტირებას მისი შემადგენლობის, ხარისხის ან სხვა ტექნიკური მახასიათებლების დასადგენად, თუ აღნიშნული ოპერაცია ინფორმაციის მიღების ან სამრეწველო ან სავაჭრო კვლევის მიზნით ხორციელდება.
2.ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება ცდისადმი, ანალიზისადმი ან ტესტირებისადმი დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა, თუ იგი ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში სრულად იქნება გამოყენებული ან განადგურებული.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესი მოიცავს ამ საქონლის გაყიდვის ხელშეწყობის ოპერაციებს.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონლის იმ ოდენობაზე, რომელიც მისი შემოტანის მიზნისთვისაა საჭირო.
5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე, რომელიც ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში სრულად არ გამოიყენება ან არ ნადგურდება, თუ ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი: ა) სრულად განადგურდება ან დაკარგავს კომერციულ ღირებულებას ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ; ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა; გ) განსაკუთრებული გარემოების გამო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაიტანება.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნისთვის „დარჩენილი პროდუქტი“ არის ცდის, ანალიზის ან ტესტირების შედეგად მიღებული პროდუქტი ან საქონელი, რომელიც ფაქტობრივად არ იქნა გამოყენებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში.
