1.ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უმნიშვნელო ღირებულების საქონლის ნიმუშის შემოტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის წასახალისებლად, რომლის საჩვენებლადაცაა შემოტანილი.
2.ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დანაწევრებით, გახვრეტით, თვალსაჩინო და წაუშლელი ნიშანდებით ან სხვა საშუალებით საქონლის ნიმუშის სამუდამოდ უსარგებლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, თუ აღნიშნული ქმედება არ გამოიწვევს საქონლის ნიმუშის სადემონსტრაციო მახასიათებლების მოსპობას.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „საქონლის ნიმუში“ არის ნებისმიერი ნივთი, რომელიც იმავე ხარისხისა და მახასიათებლების საქონლის ერთეულია და რომლის დემონსტრირების მეთოდი და ოდენობა გამორიცხავს მის სხვა მიზნით გამოყენებას, გარდა შეკვეთის მიღებისა.
4.ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემოსატანი ბეჭდური სარეკლამო მასალა, როგორიცაა კატალოგი, ფასების ჩამონათვალი, გამოყენების ინსტრუქცია, ბროშურა, თუ ეს მასალა დაკავშირებულია: ა) გასაყიდ ან გასაქირავებელ საქონელთან; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ დაფუძნებული პირის მიერ შემოთავაზებულ ტრანსპორტირების, დაზღვევის ან საბანკო მომსახურებასთან.
5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ბეჭდურ სარეკლამო მასალაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) ბეჭდურ სარეკლამო მასალაზე თვალსაჩინოდაა გამოსახული იმ კომპანიის სახელწოდება, რომელიც აწარმოებს, ყიდის ან აქირავებს იმ საქონელს ან ახდენს იმ მომსახურების შეთავაზებას, რომლის რეკლამირებაც ამ მასალით ხდება; ბ) რამდენიმე დოკუმენტის გამოგზავნისას სასაქონლო პარტია შეიცავს 1 დოკუმენტს ან დოკუმენტის 1 ასლს. სასაქონლო პარტია, რომელიც შეიცავს დოკუმენტის რამდენიმე ასლს, შესაძლებელია არ გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან, თუ სასაქონლო პარტიის ჯამური წონა 1 კილოგრამს აღემატება; გ) ბეჭდური სარეკლამო მასალა ერთი და იმავე გამომგზავნის მიერ ერთი და იმავე მიმღებისთვის რამდენიმე სასაქონლო პარტიად არ არის გამოგზავნილი.
