ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 74. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან უნარს, მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნა, და ახორციელებს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.
2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განაწილებასთან დაკავშირებული საიმედო და ეფექტიანი მომსახურების გაწევას გამანაწილებელი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად.
3. განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეებს გაეწევათ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების ხელშეკრულების, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების, სტანდარტულ პირობებს და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებით.
