პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 13^5. ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები
1. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ მუხლით, დადგენილი მოთხოვნები.
2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.
3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას ან/და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დარწმუნდეს, რომ პროდუქტი შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია. ეკონომიკურმა ოპერატორმა ასევე უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადით შენახვა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად.
4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, აგრეთვე საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, საფოსტო მისამართი, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით მიუთითოს პროდუქტზე, მის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში.
