1.შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესი მტკიცდება და ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის განთავსების წესი და მასში შესატანი ინფორმაცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
2.შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე: ა) შენობის ენერგოეფექტურობის შეფასებას და ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრემ ან/და დამქირავებელმა/მოიჯარემ შეძლოს მისი გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; ბ) რეკომენდაციებს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ხარჯოპტიმალური გაუმჯობესების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გაუმჯობესება ენერგოეფექტურობისთვის დადგენილი მოთხოვნების მიმართ რაციონალური არ არის.
3.შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება სავალდებულოა: ა) ახალი შენობისთვის ან შენობის ნაწილისთვის; ბ) არსებული შენობისთვის, რომელიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა; გ) არსებული შენობის ნაწილისთვის, რომელიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა; დ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 500 მ 2 -ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 250 მ 2 -ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები.
4.თუ შენობა ან შენობის ნაწილი შენობის მშენებლობის დასრულებამდე გაიყიდა ან გაქირავდა, შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს შენობის ან შენობის ნაწილის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასება. ამ შემთხვევაში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გაიცეს არაუგვიანეს შენობის ექსპლუატაციაში მიღებისა.
5.შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის ვალდებულებაა და დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
6.ყველა სავარაუდო მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს უნდა წარედგინოს მშენებარე ან აშენებული შენობის ან გასაქირავებელი/იჯარით გასაცემი შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან მისი ასლი, ხოლო შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გადაეცეს მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს.
7.შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა განთავსდეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე შემდეგ შენობებში: ა) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ 2 -ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 250 მ 2 -ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები; ბ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები.
8.შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში მოცემული ენერგოეფექტურობის ინდიკატორის ან კლასის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში, როდესაც იყიდება ან/და ქირავდება/იჯარით გაიცემა: ა) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობა; ბ) შენობის ნაწილი, რომელსაც არ აქვს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი, მაგრამ ეს არის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობა; გ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობის ნაწილი.
9.ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 10 წელი. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.


