1.ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე ყოველწლიურად გეგმავს ტყის მართვის ორგანო. აღნიშნული გეგმის საფუძველზე დგება ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტი.
2.ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით შეიძლება შემუშავდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა.
3.ტყის აღდგენა-გაშენების პროექტს ამტკიცებს და მის განხორციელებას აკონტროლებს ტყის მართვის ორგანო.
4.ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება თესვით, დარგვით ან/და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით.
5.ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ტყის მართვის ორგანო ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.
6.ტყის ფართობის დეგრადაციის შესაჩერებლად და მისი დაზიანების თავიდან ასაცილებლად ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები განხორციელდება იმ დროიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლისა, როდესაც ბუნებრივი ან ანთროპოგენური პროცესების შედეგად ტყის გამეჩხრებული ადგილები ან/და ღია ფართობები წარმოიშვა.
7.ფართომასშტაბიანი ზიანის (5 ჰა ან 5 ჰა-ზე მეტი ფართობის დაზიანების) შემთხვევაში, როდესაც ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების 3 კალენდარულ წელში განხორციელება შეუძლებელია, ტყის აღდგენა-გაშენების ვადა აითვლება იმ დროიდან, როდესაც დასრულდება ზიანის გამომწვევი გარემოებების ზემოქმედება და გაიწმინდება აღსადგენი ტერიტორია.
8.თუ ტყის განახლება ბუნებრივი მოთესვით ან ამონაყრით მიმდინარეობს, რაც აღსადგენი ტერიტორიის გატყევების საფუძველია, ტყის აღდგენა-გაშენება უნდა განხორციელდეს ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით.
