Article 9. აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობები
1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: ა) დაიცვას აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული პროდუქციის წარმადობის ზღვრული მოცულობები; ბ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განხორციელება; გ) განახორციელოს ღონისძიებები თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად; დ) მოაშენოს აკვაკულტურის ობიექტის ის სახეობა, რომელიც განსაზღვრულია აკვაკულტურის ნებართვით, და დაიცვას მისი ჩასმის სიმჭიდროვის მიმართ მოთხოვნები; ე) უზრუნველყოს წყლის ხარისხის სისტემატური მონიტორინგი და მოხმარებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩადინებამდე გაწმენდა; ვ) დაიცვას ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნები; ზ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა; თ) უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილზე დაშვება; ი) უზრუნველყოს თევზის დაავადების ან/და დაღუპვის, აკვაკულტურის ობიექტის გარემოში გაღწევის (გაქცევის) შემთხვევის შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; აანაზღაუროს აკვაკულტურის ობიექტის გაქცევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი; კ) აწარმოოს და შეინახოს აკვაკულტურის საქმიანობის არეალში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და სამკურნალო საშუალებების, წყლის ცხოველური ორგანიზმების მიღებისა და გადატანის შესახებ ჩანაწერები; ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და მის მიერ მოთხოვნილი, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემები და ჩანაწერები; მ) აკვაკულტურის კონსტრუქცია უზრუნველყოს მტაცებლისგან დამცავი ბადით, აგრეთვე უზრუნველყოს საზღვაო წყლებში ან წყალსატევში არსებულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში შუქურების განთავსება და მონიშვნების მოწყობა; ნ) შეასრულოს აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები; ო) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია 50 მ 3 -მდე მოცულობის აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად დაადგინოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესი და შესაბამისი ვალდებულებები ან ამ აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირი გაათავისუფლოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
აკვაკულტურის შესახებ
