1.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონით, აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა და სანებართვო პირობების შესრულება.
2.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აკვაკულტურის ობიექტში ნებისმიერი დაავადებული წყლის ორგანიზმის არსებობის შესახებ, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წყლის დაბინძურებისა და გარემოსა და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების სხვაგვარი გაუარესების თაობაზე.
3.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდების შემდეგ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მითითება ან რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.
4.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, აკვაკულტურის ობიექტის განადგურებისა და დეზინფექციის ჩატარების ჩათვლით, რათა თავიდან აიცილოს დაავადების როგორც აკვაკულტურის კონსტრუქციაში, ისე აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გავრცელება.
5.აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.
