Article 34. სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და პასუხისმგებლობა
1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა მოქმედებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასრულებდეს დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.
2. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია: ა) შეინახოს და აღრიცხოს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე აღრიცხოს საინვესტიციო ფონდის სხვა აქტივები, რომელთა შენახვა საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ შეუძლია მარეგულირებელი წესებისა და შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის ფულადი ნაკადის სათანადო კონტროლი, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ ინვესტორების მიერ ან მათი სახელით ერთეულების შესყიდვისას განხორციელებული ყველა გადახდა მიღებულ იქნეს და საინვესტიციო ფონდის ფულადი სახსრები განთავსებულ იქნეს საქართველოში ან უცხოეთში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში საინვესტიციო ფონდის სახელზე ან საინვესტიციო ფონდის სასარგებლოდ მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე. თუ საბანკო ანგარიშები გახსნილია სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზე, დაუშვებელია ამ საბანკო ანგარიშებზე საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთარი სახსრების ან იმ კომერციული ბანკის სახსრების განთავსება, რომელშიც გახსნილია აღნიშნული საბანკო ანგარიშები; გ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოშვება, გაყიდვა, გამოსყიდვა და გაუქმება შეესაბამებოდეს მარეგულირებელ კანონმდებლობას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და პროსპექტს; დ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის ერთეულების ღირებულების გამოთვლა განხორციელდეს მარეგულირებელი კანონმდებლობის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად; ე) შეასრულოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის ინსტრუქციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ეწინააღმდეგება მარეგულირებელ კანონმდებლობას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და პროსპექტს; ვ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის აქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებში საინვესტიციო ფონდის მიმართ ნებისმიერი გადახდა განხორციელდეს ჩვეულებრივ ვადებში; ზ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის მოგება გამოყენებულ იქნეს მარეგულირებელი კანონმდებლობის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად; თ) საზედამხედველო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს, თუ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო ფონდი არსებითად არღვევს ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან პროსპექტის მოთხოვნებს; ი) შეასრულოს საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტებითა და დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
