1.საპენსიო ფონდი საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.
2.საპენსიო ფონდის ფუნქციებია: ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვა და ადმინისტრირება, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; გ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება; დ) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად; ე) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება; ვ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის: ვ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; ვ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო ფონდისთვის საჭირო სხვა მომსახურებების გამწევ პირებთან; ვ.გ) საპენსიო ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე; ზ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურებების გამწევი პირებისთვის საპენსიო ფონდის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება; თ) საპენსიო ფონდის თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა; ი) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული, საჭირო ღონისძიებების განხორციელება; კ) მონაწილეებისთვის, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება; ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და გაფრთხილების/ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
3.საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირებისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესახებ.
4.საპენსიო ფონდის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპენსიო ფონდი უზრუნველყოს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.



