1.სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა, რომელიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოთხოვასთან ან რომელშიც მოვალე არის მოსარჩელე და რომელიც გადახდისუუნარობის მასას უკავშირდება, ამ მუხლითა და შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაჩქარებულად განიხილება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ დავაზე, რომელსაც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით არბიტრაჟი განიხილავს.
3.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდეგ აღძრულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დავას განიხილავს გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი სასამართლო.
4.გადახდისუუნარობის საქმის განმხილველი მოსამართლე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შესაბამის შეტყობინებას უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნული დავის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში დაასრულოს საქმის განხილვა.
