1.ამ მუხლის მიზნებისთვის არარეგისტრირებული საწარმო არის უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი ან მისი ფილიალი. არარეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის პროცედურების მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ეს მეწარმე იურიდიული პირია რეგისტრირებული.
2.არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრება შეიძლება განახორციელოს საქართველოს სასამართლომ ამ კანონის საფუძველზე. საქართველოს სასამართლოს იურისდიქციის განსაზღვრის მიზნებისთვის არარეგისტრირებული საწარმო საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოდ მიიჩნევა, თუ მისი მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია ან ის ფლობს ქონებას საქართველოში. არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრების წარმოების მიზნებისთვის აღნიშნული საწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი ან ქონების მისამართი ამ საწარმოს რეგისტრირებულ მისამართად მიიჩნევა.
3.თუ არარეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანაში მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს, უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა არ გამორიცხავს ამ მუხლის შესაბამისად საქართველოში განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას.
