Article 5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირდება: ა) ინდივიდუალური მეწარმე; ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დ) კომანდიტური საზოგადოება; ე) სააქციო საზოგადოება; ვ) კოოპერატივი; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; თ) უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება).
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში ასევე შეიტანება ინფორმაცია საზოგადოების პარტნიორებისა (გარდა სააქციო საზოგადოებისა) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
3. მეწარმე სუბიექტი, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის საწარმოსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) (შემდგომში – სუბიექტი) წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. სუბიექტის არსებობა დგინდება მხოლოდ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
