1.ეს კანონი აწესრიგებს შემდეგი სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს: ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტი, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება), ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის ფონდი და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის ფონდის ან სეკიურიტიზაციის კომპანიის) განყოფილება, გარდა ავტორიზებული სეკიურიტიზაციის ფონდისა და ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილებებისა; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი და სხვა წარმონაქმნი (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია.
2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ფიზიკური პირის გადახდისუუნარობაზე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადახდისუუნარობაზე; გ) კომერციულ ბანკზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე, სადაზღვევო კომპანიაზე, საპენსიო კომპანიასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხსაც სპეციალური კანონმდებლობა აწესრიგებს.
