Article 48. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმა
1. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას ხარვეზის არსებობის თაობაზე და განმცხადებელს შესაბამისი ხარვეზის გამოსასწორებლად მისცემს 5 სამუშაო დღეს. თუ განმცხადებელი ამ ვადაში გამოასწორებს აღნიშნულ ხარვეზს და სასამართლო დაადგენს მოვალის გადახდისუუნარობას ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობას, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.
2. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირი, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ არსებითად იმავე გარემოებების საფუძველზე გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა დაუშვებელია. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
4. თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.
5. კრედიტორისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით სასამართლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მესამე დღისა ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე აქვეყნებს: ა) აღნიშნული განჩინებით გათვალისწინებულ, საჯაროდ გასავრცელებელ ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კრედიტორს უფლება აქვს, შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოვალის ქონება (არსებობის შემთხვევაში) მისი რეგისტრაციის გაუქმებამდე მოვალის პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად ნაწილდება, თუ მოვალის პარტნიორთა შორის არსებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
